რა არის კბილების გათეთრება?
კბილების გათეთრება არის პროცედურა, რომლის დროსაც კბილის ზედაპირზე არსებული ფოროვანი მინანქრისა და დენტინის ფენაში დაგროვებული ორგანული და არაორგანული პიგმენტები სპეციალური გელის (მაგალითად, კარბამიდ პეროქსიდის) საშუალებით ნეიტრალიზდება. პროცედურა ტარდება სტომატოლოგის მიერ და მიზნად ისახავს კბილების ბუნებრივი ფერის აღდგენას.
როდის გამოიყენება კბილების გათეთრების პროცედურა?
კბილების გათეთრების პროცედურა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ფერი იცვლება როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორების გამო. ეს მეთოდი არ აზიანებს კბილის ზედაპირს და უზრუნველყოფს კბილების უფრო ნათელ და ბუნებრივ იერსახეს.
როგორ ტარდება კბილების გათეთრების პროცედურა?
გათეთრების პროცედურა მოიცავს პეროქსიდზე დაფუძნებული გელის პირდაპირ კბილზე დატანას სპეციალური ფუნჯის ან თხელი აპლიკატორის გამოყენებით. პროცედურა, როგორც წესი, 10-14 დღის განმავლობაში, დღეში 1-2-ჯერ ტარდება და კბილების ფერს 1-2 ტონით ათეთრებს.
კბილების გათეთრების მეთოდები
გათეთრების მეთოდი დამოკიდებულია გამოყენებულ ტექნიკასა და პროცედურის ტიპზე. ძირითადი მეთოდებია:
- სახლში გათეთრება (Home Bleaching) – პირის ღრუდან აღებული ანაბეჭდის მიხედვით, ინდივიდუალური გათეთრების კაპები მზადდება, რომელშიც სპეციალური გელი თავსდება. პროცედურა ტარდება 10-15 დღის განმავლობაში, დღეში 4-6 საათის ან ღამით ძილის დროს 8-10 დღის განმავლობაში.
- კლინიკაში გათეთრება (Office Bleaching) – ტარდება კლინიკაში სტომატოლოგის მიერ, სადაც კბილზე სპეციალური გელი ისმება და აქტივაცია ხდება UV სხივების ან ლაზერის საშუალებით. პროცედურა დაახლოებით 1 საათს გრძელდება.
- კომბინირებული გათეთრება – პირველ ეტაპზე პროცედურა ტარდება კლინიკაში, რის შემდეგაც 2-3 დღის განმავლობაში პაციენტი აგრძელებს გათეთრების პროცედურას სახლში სპეციალური კაპების გამოყენებით.
- ერთი კბილის გათეთრება (შიდა გათეთრება) – გამოიყენება ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ, როდესაც კბილი ფერს იცვლის. პროცედურის დროს ძველი ბჟენი იცვლება, ღრუ ივსება სპეციალური მათეთრებელი გელით და დროებითი ბჟენი თავსდება. პროცედურა მეორდება 3 დღის ინტერვალებით, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ.